27 ნოემბერს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა!
Updated: 58 minutes ago
სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს მივაგენი ფილიმონ ქორიძის დაბადების მეტრიკულ ჩანაწერს, რომლის საშუალებით დავადგინე ფილიმონის დაბადების ზუსტი თარიღი!
საგულისხმოა, რომ დოკუმენტი შეიცავს დედისა და პაპის გვარ-სახელებსაც, რაც ჩვენს თანამედროვეობაში არავისთვის იყო ცნობილი.
მეტრიკულ ჩანაწერში, ცხადია, პირველ რიგში, მოხსენიებულია მამა – მღვდელი იესე გიორგის ძე ქორიძე, მაგრამ მის შესახებ ისედაც ვიცოდით. აი, ნათლიისა და ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი მღვდლის ვინაობა კი, მკვლევართათვის მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციაა. ფილიმონ ქორიძის ღვაწლი ქართულ საეკლესიო გალობასთან მიმართებით საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი. მის შესახებ იციან საოპერო მუსიკის სფეროშიც, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესიონალი საოპერო მომღერალი, რომელიც მოღვაწეობდა საზღვარგარეთ, 1880 წლიდან კი, რამდენიმე წლის განმავლობაში – თბილისის ოპერის თეატრში.
სწორედ 1880-იან წლებში ფილიმონმა თავი დაანება საოპერო ხელოვნებას და სიცოცხლის ბოლომდე (1911 წ.) თავი მიუძღვნა ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეს, რის გამოც 2011 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.
ფილიმონი ისეთი ცნობილი პიროვნება იყო, წესით, მისი ბიოგრაფიული მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ, მინიმუმ, ბოლო ასი წლის განმავლობაში მისი დაბადების დღის ზუსტი თარიღი მისი შვილის მიხეილ ქორელის ჩათვლით არავინ იცოდა. მიხეილისთვის უცნობი იყო დაბადების წელიც.
1949 წელს გამოცემულ ბიოგრაფიულ ნარკვევში – „ფილიმონ ქორიძე“ – მიხეილმა მამის დაბადების სავარაუდო თარიღად მიუთითა 1828 ან 1829 წელი.
1993 წელს ეთერ ლონდარიძემ იმავე სახელწოდების მონოგრაფიულ ნარკვევში – „ფილიმონ ქორიძე“ – მიხეილ ქორელის წიგნზე დაყრდნობით ფილიმონის დაბადების წლად 1829 მიიჩნია.
2000-იან წლებში მაგდა სუხიაშვილისა და ეკატერინე სანიკიძის ავტორობით გამოიცა ფილიმონ ქორიძის მონოგრაფია, რომელშიც დაბადების წელი (1835) თბილისის სასულიერო სემინარიის არქივში ნაპოვნ დოკუმენტზე დაყრდნობით დაზუსტდა, თუმცა დაბადების ზუსტი თარიღი დაუდგენელი დარჩა.
აღნიშნული მონოგრაფიის მე-7 გვერდის სქოლიოში ვკითხულობთ:
მიხეილ ქორელის მიერ 1949 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის „ფილიმონ ქორიძე“ – საფუძველზე ფილიმონ ქორიძის დაბადების თარიღად მიიჩნეოდა 1829 წელი (იხ. ქსე, ტ. X, თბ., 1986 წ., გვ. 550). თუმცა მიხეილ ქორელს თავად შეეპარა სერიოზული ეჭვი მის მიერ წარმოდგენილ დათარიღებაში თეატრალურ მუზეუმში წაკითხულ მოხსენებაში – „Жизнь и деятельность певца и музыковеда XIX века. Ф.Е. Коридзе”, იგი ამბობს: „Я не имею точных данных даты рождения моего отца Ф. Е. Коридзе, но я выяснил, что он родился приблизительно в 1830 году”... (იხ. თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმის III ფონდის ხელნაწერი 20). საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის თანამშრომლის ქალბატონ მანანა ლილუაშვილის დახმარებით მივაკვლიეთ 1858 წლით დათარიღებულ დოკუმენტს – თბილისის სასულიერო სემინარიის 23 წლის მოსწავლის ფილიმონ ქორიძის დახასიათებას, რომელიც შედგენილია სასულიერო სემინარიის მმართველობის მიერ (იხ. ეგზარქოსის ფონდი 488, საქმე №18350 (1858). ამ დოკუმენტის საფუძველზე დგინდება ფილიმონ ქორიძის დაბადების ზუსტი წელი – 1835.
2016 წელს, სვიმონ ჯანგულაშვილმა, გურული ტრადიციული მუსიკის კავშირისა და რამდენიმე მეგობრის დახმარებით, ფილიმონ ქორიძის შესახებ გამოსცა ბროშურა, რომელშიც დაბადების თარიღად ასევე მოცემულია 1835 წელი. ავტორი პირდაპირ წერს, რომ იგი დაეყრდნო მიხეილ ქორელის, მაგდა სუხიაშვილისა და ილია თავბერიძის ნაშრომებს. ამრიგად, რომელიმე ბიოგრაფიული მონაცემი არც ამ გამოცემაში დაზუსტებულა.
ამიტომ, ეროვნულ არქივში მიკვლეული დოკუმენტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა!

სოფელ გამოჩინებულის 1835 წლის მეტრიკული ჩანაწერის ტექსტური ამონაწერი
ვინ ვის დაებადა
ნოემბერსა იბ [12]
. . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .
მასვე თვესა იე [15]
ვდ [ვითარმედ] ამავე სოფლის მღვდელს იესეს გიორგის ძეს ქორიძეს და სჯულიერსა ცოლსა მისსა ხვარამზეს სვიმონ ავალიანის ასულს დაებადათ ძე ფილიმონ. განუნათლე სახლი და ნათლისღება სრულვყავ დეკემბერსა იბ [12] მღვდელმან მოსემ ნიკოლოზის ძემ ქორიძემ.
ვინ იყვნენ მიმქნელად
მასვე სოფლის მცხოვრების სახელმწიფო ყმის დავით ქორიძის ცოლ ყოფილი თამარ გიორგი ჯიბლაძის ასული.
თანამედროვე ენაზე რომ ვთქვა, 1835 წლის მეტრიკა გვეუბნება, რომ სოფელ გამოჩინებულის მღვდელს იესე გიორგის ძე ქორიძეს და მის ცოლს ხვარამზე სვიმონის ასულ ავალიანს 15 ნოემბერს შეეძინათ ვაჟი ფილიმონი, რომელიც მონათლეს 12 დეკემბერს. ნათლობის საიდუმლო აღასრულა მღვდელმა მოსე ნიკოლოზის ძე ქორიძემ, ხოლო ნათლია (მიმრქმელი) იყო თამარ ჯიბლაძე, იმავე სოფლის მცხოვრების, სახელმწიფო ყმის დავით ქორიძის ყოფილი ცოლი.
თარიღის გადმოტანა ჩვენს დროში
იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის XIX საუკუნეში 12-დღიანი სხვაობა იყო. 1835 წლის 15 ნოემბერი 2026 წლის 27 ნოემბერს შეესაბამება. ამიტომ ფილიმონ ქორიძის დაბადების დღე საქართველოში მოქმედი სამოქალაქო კალენდრის მიხედვით მუდმივად(!) 27 ნოემბერს უნდა აღინიშნოს.
გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ამბავი, რათა ყველამ გაიგოს, რომ 27 ნოემბერს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა!
P.S. მიკვლეული დოკუმენტი ცხადს ხდის კიდევ, მინიმუმ, ორ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, მაგრამ ამათზე მომდევნო წერილებში...
ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევარი,
ილია ჯღარკავა
1 ნოემბერი, 2026 წ.